სახის კანის ტიპები

კანი რთული და მნიშვნელოვანი ორგანოა. ის მონაწილეობს სუნთქვასა და ნივთიერებათა ცვლაში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. კანის ძირითადი სტრუქტურა, ცხადია, ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება იმაშია, რამდენად ინტენსიურად გამოყოფენ პოხიერი ჯირკვლები ცხიმს და სახის რომელ ნაწილში არიან ისინი უფრო მეტად აქტიურები. კანის ტიპი ასაკთან ერთად იცვლება, თუმცა სწორი ჰიგიენითა და მოვლით მას შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე.

არსებობს კანის ხუთი ძირითადი ტიპი: მშრალი, მგრძნობიარე, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს აქვს საკუთარი მახასიათებლები და მოითხოვს საკუთარ განსაკუთრებულ ზრუნვას, რომელიც  განსხვავდება ერთმანეთისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ტიპის კანი გაქვთ, რათა სწორად შეირჩეს სახის კანის მოვლის საშუალებები.

თქვენს სახეზე კანის ტიპის დასადგენად ყველაზე მარტივი გზაა მშრალი სალფეტკის მეთოდი. ამ მეთოდით ტესტი უნდა ჩატარდეს ლოგინიდან ადგომისთანავე ან სახის დაბანიდან რამდენიმე საათში. თუ სახეზე მიდების შემდეგ ცხიმიანი ლაქა რჩება ხელსახოცზე, კანი ცხიმიანია. თუ ცხიმიანი ლაქა მხოლოდ ხელსახოცის ცენტრშია, თქვენ გაქვთ კომბინირებული კანი. თუ ხელსახოცი, სახეზე გამოყენების შემდეგ, სუფთა რჩება, მაშინ კანი ნორმალური ან მშრალია.

საბოლოოდ იმის გასარკვევად სახის კანი მშრალია თუ ნორმალური, სახე უნდა დაიბანოთ საპნით. თუ ამის შემდეგ სახეზე დაჭიმვის შეგრძნება შენარჩუნებულია,  მაშინ ის მშრალია. თუ კანი გლუვი და ელასტიურია, ე.ი. ნორმალურია.

განვიხილოთ თითოეული კანის ტიპი

  • მშრალი კანი. ასეთი ტიპის კანს ახასიათებს პატარა ფორები, აქერცვლა, კანის მკრთალი შეფერილობა და ცხიმის მცირე გამომუშავება. მშრალი კანისთვის ასევე დამახასიათებელია წვრილი ნაოჭების წარმოქმნა, განსაკუთრებით თვალებს ირგვივ ზონაში. მშრალი კანი საკმაოდ თხელია, ამიტომ ზოგჯერ ადვილად შეიმჩნევა სისძარღვთა კაპილარული ქსელი ლოყებზე. სახის კანის სიმშრალე გამოწვეულია ძირითადად იმით, რომ ცხიმოვანი ჯირკვლები ვერ ახდენენ საჭირო რაოდენობა ცხიმის გამომუშავებას, გარდა ამისა მიზეზი შეიძლება იყოს გარე ფაქტორების ზემოქმედება, არასაკმარისი რაოდენობა წყალის მიღება.
  • მგრძნობიარე კანზე შეიძლება ითქვას, რომ ის არის მშრალი კანის გაპრობლემებული ფორმა. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, მშრალი კანის არასწორმა მოვლამ, მისმა უფრო მეტად გამოშრობამ შეიძლება მოიწვიოს მისი მგრძნობელობის საკმაო ზრდა, რის გამოც მშრალი კანის მქონე ადამიანები ხშირად ამბობენ რომ აქვთ მგრძნობიარე კანი. მგრძნობიარე კანი სულ მცირე ფიზიკურმა კონტაქტმაც კი შეიძლება გააღიზიანოს. შედეგად, მასზე წარმოიქმნება სიწითლე.
  • თუ სარკეში ჩახედვისას თქვენ ხედავთ ელასტიურ, გლუვ, ვიწრო ფორებიან და ჯანსაღი ფერის კანს, მაშინ ნორმალური კანის ტიპის მფლობელი ხართ. ასეთი ტიპის კანისთვის დამახასიათებელია ცხიმის და ტენიანობის შემცველობის ბალანსი და თუ მასზე სწორად ვიზრუნებთ ნაოჭებიც გვიან გაგვიჩნდება.
  • კომბინირებული ტიპის კანი უფრო მეტადაა გავრცელებული. შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე, ანუ სახის T ზონაში კანი ცხიმიანია, საფეთქლებზე, ლოყებსა და კისერზე, განსაკუთრებით კი თვალების ირგვლივ - მშრალი. ამ ტიპის კანს თუ სწორედ მოუვლით ნაოჭები დიდი ხნის განმავლობაში არ შეგვაწუხებს. კომბინირებული კანისთვის დამახასიათებელია გამოხატული ფორები, კომედონები( შავი წერტილები), კანის არათანაბარი ტონი, გამონაყარი.
  • ცხიმიანი კანი შესახედავად სქელი, უხეში და პრიალაა, ეს გამოწვეულია ცხიმის მომატებული გამოყოფით. მისთვის დამახასიათებელია თვალში საცემლად ფართო ფორები. ასეთი ტიპის კანს ზოგჯერ ფორთოხლის კანსაც უწოდებენ. ცხიმიან კანს ადვილად უჩნდება ფერიმჭამელები, ეს გამოწვეულია იმით, რომ ჭარბი ცხიმი მკვდარ უჯრედებსა და მტვერთან ერთად ცხიმის ჯირკვლებში წარმოქმნის საცობებს , ე.წ. შავ წერტილებს. თუმცა ცხიმიან კანს აქვს დადებითი მხარეც, იგი საკმაოდ გვიან ნაოჭდება. ცხიმის სიჭარბე არ აძლევს კანს გამოშრობის საშუალებას.

და ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო. დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი, ესაა დაახლოებით 2 ლიტრი, ვიკვებოთ ჯანსაღად, შევეცადოთ რაციონიდან ამოვიღოთ ან მინიმუმამდე შევამციროთ ცხარე, მაჭავე და ძალიან ცხიმიანი საკვები, რადგან კანი ჩვენი ორგანიზმის სარკეა და თუ ჩვენ ორგანიზმში ყველაფერი წესრიგში არ გვაქვს, მარტო გარეგანი საშუალებებით სასურველ ეფექტს ვერ მივაღწევთ.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх