რა არის ჰიალურონი მჟავა?

ნებისმიერ ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სმენია ტერმინი «ჰიალურონის მჟავა». მიუხედავად ამისა, ყველას არ ესმის, რატომ არის ჰიალურონის მჟავა ასე დაფასებული ესთეტიურ მედიცინაში. მოდით გავიგოთ თუ რა არის ჰიალურონის მჟავა.

რა არის ჰიალურონის მჟავა?

ჰიალურონის მჟავა ადამიანის სხეულის მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი წარმოადგენს გლუკოზამინოგლიკანის ოჯახიდან პოლისაქარიდს, რომელიც გვხვდება ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში. ჰიალურონის მჟავა არის შემაერთებელი ქსოვილის ნაწილი და წარმოადგენს უჯრედშორისი მატრიქსის მთავარ ელემენტს.

დიდი რაოდენობით, ჰიალურონის მჟავა სინთეზირდება კანში კონკრეტული უჯრედების — ფიბრობლასტების საშუალებით. ფიბრობლასტები არის შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ძირითადი ფუნქციაა ჰიალურონის მჟავის, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზირება.

ჰიალურონის მჟავის  მთავარი როლი ორგანიზმში ქსოვილების წყლის ბალანსის რეგულირება და კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში მონაწილეობაა. ახალგაზრდა ასაკში ორგანიზმი გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰიალურონის მჟავას, ამიტომ კანი გამოიყურება ახალგაზრდულად, აქვს თანაბარი ტონი, არის მკვრივი და ელასტიური, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ,მჟავის სინთეზი მცირდება, შედეგად ვლინდება ასაკთან დაკავშირებული ნიშნები, როგორიცაა მშრალი კანი და წვრილი ნაოჭები.

ეს პროცესი მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს, მოვიყვანოთ ვაშლის მაგალითი:  თავდაპირველად ის გლუვი და ელასტიურია, მაგრამ თუ იგი დარჩა მაგიდაზე ცოტა ხნით, განსაკუთრებით მზის სხივების ქვეშ, ნაყოფი მალევე დაიწყებს წყლის დაკარგვას და მალე გახდება დანაოჭებული. იგივე რამ ემართება ჩვენს კანს ასაკის მატებასთან ერთად, ჰიალურონის მჟავის დაქვეითების გამო.

ჰიალურონის მჟავის ერთ მოლეკულას შეუძლია 500-1000 წყლის მოლეკულის შეერთება, რაც ხელს უწყობს კანის ფენებში ტენიანობის შენარჩუნებას.

ჩვენს ორგანიზმში ჰიალურონის მჟავა შეიძლება შეგვხვდეს, თხევად, მყარ და გელისებულ მდგომარეობაში.  თხევად მდგომარეობაში, ჰიალურონის მჟავა გვხვდება ნერწყვში, ცერებროსპინალურ სითხეში. მყარ მდგომარეობაში- ძვლებში,  ხოლო გელის სახით იგი წარმოდგენილია მინისებრი, ხრტილოვან და უჯრედშორის სითხეში.

ჰიალურონის მჟავის როლი ჩვენს ორგანიზმში და ესთეტიურ მედიცინაში მართლაც ფასდაუდებელია.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх